სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ, DCFTA-ის ფარგლებში ტრენინგს უმასპინძლა
19.06.2017

2017 წის 29 მაისს,  "სოფლად თემთა განვითარების სააგენტოში" (RCDA)  გაიმართა  ტრენინგი თემაზე "კენკროვანი კულტურების გაშენება და მოვლა", რომელიც კენკროვანი კულტურების გაშენებასთან და მოვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობის ფარგლებში  განხორციელდა.

ტრენინგს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი გოგინავა უძღვებოდა, რომელმაც რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის: კენკროვანი  კულტურების  გაშენებისა  და  მოვლის  ახალი ტექნოლოგიები,  ბაღის გასაშენებლად  რეკომენდირებული  ადგილობრივი  და  შემოტანილი   ჯიშები, კულტურების დამოკიდებულება  გარემო პირობებისადმი, სარეველებისა  და  მავნებელ-დაავადებების კონტროლი,  სხვლა-ფორმირების ძირითადი  პრინციპები,   კრეფა, დაფასოება და სხვ.

„DCFTA-საინფორმაციო ცენტრების ექსპერტები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს მეწარმეებთან. ამ ტრენინგის საჭიროება სწორედ ასეთი შეხვედრების შედეგად გამოვლინდა. მსგავსი ღონისძიებები უახლოეს დღეებში საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება“-აცხადებს DCFTA საინფორმაციო ცენტრების პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ვეკუა. 

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. ის ევროკავშირის ინიციატივა EU4Business-ის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. 

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by